თეგი: რობერტ ფიცო

სლოვაკეთის ახალი პრემიერის თქმით, უკრაინისადმი ევროკავშირის დახმარება გარკვეულ პირობებს უნდა ეფუძნებოდეს

სლოვაკეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროკავშირის სხვა ლიდერებს განუცხადა, რომ უკრაინისადმი ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარება გარანტიებს უნდა მოიცავდეს იმის შესახებ, რომ თანხები მითვისებული არ იქნება. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ერთგვარი პირობის აუცილებლობას სლოვაკეთი იმით ხსნის, რომ “უკრაინაში კორუფციის პრობლემა არსებობს.“ მანვე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მზად არის, გაზარდოს თავისი წვლილი ევროკავშირის ბიუჯეტში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 400 მილიონი ევროთ, რათა უკრაინამ გარკვეული პირობებით მიიღოს 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი. ფიცომ ეს პირობები ხუთშაბათს გამართული დებატების დროს წამოჭრა. Reuters-ი წერს, რომ ევროკავშირის ლიდერების ორდღიან სამიტზე, ფიცო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს უკრაინის დახმარების კრიტიკაში შეუერთდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ ბიუჯეტის გადახედვის შესახებ დისკუსიისას იყო საერთო კონსენსუსი უკრაინისთვის გათვალისწინებული დამატებითი 50 მილიარდი ევროს გამოყოფის თაობაზე. სლოვაკეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, თუ ისინი მის ქვეყანას ზიანს მოუტანს. მისი თქმით, უმჯობესია, რუსეთმა და უკრაინამ 10 წლის განმავლობაში სამშვიდობო მოლაპარაკება აწარმოონ, ვიდრე 10 წლის განმავლობაში ერთმანეთს ეომონ. „ჩემი მთავრობის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საომარი მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტა წარმოადგენს საუკეთესო გადაწყვეტას, რომელიც მოგვეპოვება უკრაინისთვის," - განაცხადა ფიცომ პარლამენტის ევროპული კომიტეტის წინაშე გამოსვლაში. ფიცოს მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კიდევ ორ პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა კოალიციური მთავრობა. არჩევნების წინ ფიცო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას ემხრობოდა და რუსეთის მიმართ სანქციების წინააღმდეგ გამოდიოდა.  სლოვაკეთის პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შემდეგ, ოთხშაბათს ჩატარდა. მის თავმჯდომარედ კოალიციაში შემავალი პარტია „ხმის“ ლიდერი პეტერ პელეგრინი აირჩიეს. კოალიციაშია ასევე პრორუსული განწყობების სლოვაკეთის ნაციონალური პარტია.  

კიევზე სარაკეტო შეტევის დღეს, სლოვაკეთის პრემიერი ამტკიცებს, რომ უკრაინის დედაქალაქში ომი არ არის - Reuters

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ცხოვრება "აბსოლუტურად ნორმალურია" და იქ ომი არ არი. ეს განცხადება მან უკრაინის პრემიერთან მის პირველ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე და კიევზე რუსული სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. რობერტ ფიცო ხვალ უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს უჟგოროდში შეხვდება. ჟურნალისტის კითხას, რატომ აპირებს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან შეხვედრას უჟგოროდში და არა კიევში, რადგან ომის შედეგების დანახვას ის კიევში უკეთ შეძლებდა, ფიცომ უპასუხა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს. „არსებობს კონფლიქტი, რომელიც ლოკალიზებულია. სერიოზულად ფიქრობთ, რომ კიევში ომია? თქვენ ალბათ ხუმრობთ, იმედია, არასერიოზულად ამბობთ. წადით იქ და გაიგებთ, რომ ქალაქში ნორმალური ცხოვრებაა, აბსოლუტურად ნორმალური ცხოვრება. რატომ უნდა წავიდე კიევში, როცა შემიძლია, პრემიერ-მინისტრს უჟგოროდში შევხვდე? მე ვერ ვხედავ განსხვავებას,“ – აღნიშნა ფიცომ, რომლის მთვრობამაც უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა. ის პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა. ზელენსკი რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე: ეს არის მიზანმიმართული ტერორი პუტინი უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებს აქებს  

ფიცო გერმანიაში: ჩვენ არ გვჯერა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება, სამხედრო გზით გადაწყდეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას მხარდაჭერას ჰპირდება, მაგრამ აგრძელებს მტკიცებს, რომ „კონფლიქტის“ სამხედრო გადაწყვეტის გზას ვერ ხედავს - ის მოუწოდებს სხვა მხარეებს, პატივი სცენ მის პოზიციას. რობერტ ფიცომ, რომელიც 24 იანვარს მოლაპარაკებებს აწარმოებდა თავის უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან, აღიარა ის ფაქტი, რომ ზოგიერთ საკითხზე ბრატისლავასა და კიევს საკმაოდ განსხვავებული პოზიციები აქვთ, რაც მისი მოლაპარაკებების დროს, უჟგოროდშიც დადასტურდა, მაგრამ „ბევრ საკითხზე მხარეებს შორის სრული ურთიერთგაგებაა.“ ამის შესახებ მან ოთხშაბათს, 24 იანვარს, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს კონფლიქტი შეიძლება, გადაწყდეს სამხედრო გზით,“ - განაცხადა რობერტ ფიცომ და აღნიშნა, რომ უკრაინელი კოლეგასგან მხოლოდ ომის გაგრძელების გეგმები მოისმინა, თავად კი, მშვიდობიანი ინიციატივების დიდი მხარდამჭერია. მანვე დასძინა, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმას, თუმცა მას ეს არარეალურად მიაჩნია. მაგრამ ყველა საკითხის მიუხედავად, ფიცომ დაარწმუნა კიევი, რომ სლოვაკეთი ცდილობს, დაეხმაროს უკრაინას, რომ ეს ქვეყანა გახდეს დემოკრატიული და წარმატებული. ის ამბობს, რომ ხელს არ შეუშლის ევროკავშირის ფინანსური დახმარების პაკეტის დამტკიცებას და ასევე სურს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს. სლვაკეთის პრემიერ-მინისტრი კატეგორიულად არ დაეთანხმა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას (გერმანელი ჟურნალისტების მიერ გაჟღერებულს, რედ.), რომ ის თითქოს "პუტინის მეხუთე კოლონას" წარმოადგენს.ფიცო ამტკიცებს, რომ მისი, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსის ინტერესის ფოკუსი არ არის რუსეთი და რომ მისი პოზიცია არა პრო-უკრაინული და პროამერიკული, არამედ, პროსლოვაკურია. ამასთან, სლოვაკეთის პრემიერმა აღიარა, რომ ზოგიერთი მის განცხადებებს „საკამათოდ“ აღიქვამს, ამიტომ, ითხოვა, რომ სხვის მოსაზრებებს პატივი სცენ. შეგახსენებთ, 24 იანვარს დილით უჟგოროდში უკრაინისა და სლოვაკეთის მთავრობების ხელმძღვანელებმა მოლაპარაკებები გამართეს. შმიგალი პრორუსული განცხადებით გამორჩეულ სლოვაკ პრემიერთან მიღწეულ შეთანხმებებზე საუბრობს  

სლოვაკეთის პრემიერის მტკიცებით, NATO-ს ზოგიერთ წევრს უკრაინაში ჯარების გაგზავნა სურს

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელმაც 26 თებერვალს პარიზში დასავლეთის სახელმწიფოების წარმომადგენლების შეხვედრის ფონზე გამართა უშიშროების საბჭოს სხდომა, განაცხადა, რომ NATO-ს და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობას. მისი ვარაუდების წყაროების დასახელების გარეშე, ფიცომ სლოვაკეთის უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „NATO-ს და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას, ორმხრივ საფუძველზე.“ ფიცომ, რომელიც დიდი ხანია ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო დახმარებას და კრიტიკოსების მიერ პრორუსულად მიჩნეული პოზიცია დაიკავა, დეტალები არ უთქვამს და მის კომენტარებზე სხვა ევროპელი ლიდერების გამოხმაურებაც არ გასაჯაროებულა. „მე ვერ გეტყვით, რა მიზნით და რა უნდა გააკეთონ იქ“, - განაცხადა ფიცომ და დასძინა, რომ სლოვაკეთი, ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყანა არ გაგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში. NATO-ს ფიცოს განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამის კითხვას კი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „ჩეხეთი, რა თქმა უნდა, არ ემზადება ჯარისკაცების გაგზავნისთვის უკრაინაში, ამაზე არავის უნდა ინერვიულოს.“ ფიცომ განმარტა, რომ ხედავს უკრაინაში კონფლიქტის დიდი ესკალაციის რისკს და რომ მეტი ინფორმაციის გამჟღავნება საზოგადოებისთვის შეუძლებელია. დაახლოებით 20 ევროპელი ლიდერი, მათ შორის სლოვაკეთის პრემიერი ორშაბათს პარიზშ იკრიბება, რათა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გაუგზავნოს მესიჯი ევროპული გადაწყვეტილების შესახებ უკრაინასთან დაკავშირებით და დაუპირისპირდეს კრემლის ნარატივს, რომ „რუსეთი აუცილებლად მოიგებს ომს,“ რომელიც უკვე მესამე წელს ითვლის.  

სლოვაკეთის პრემიერს ესროლეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სროლის დროს დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობებით, მთავრობის სხდომიდა გამოსული ფიცო ქუჩაში ხალხს ესაუბრებოდა, როდესაც რამდენიმე გასროლა გაისმა და ის მიწაზე დავარდა. სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ოთხი გასროლიდან ერთი პრემიერ-მინისტრს მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ტყვია მუცელში, მკლავსა და ფეხში მოხვდა. BBC წერს, რომ სლოვაკეთის პრემიერი მკვლელობის მცდელობის შემდეგ "სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაშია." სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი წერს, რომ არსებული ცნობით, ფიცოს მას რამდენჯერმე ესროლეს და მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშია. ის ვერტმფრენით ბანსკა-ბისტრიცაში გადაიყვანეს, რადგან ბრატისლავამდე გადაყვანას დიდი დრო დასჭირდებოდა. სლოვაკეთის პრემიერის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება.